English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ გიორგი მორჩილაძე
ინოვაციების გადმოღების პროცესის თანამიმდევრობა და სირთულეები

XXIსაუკუნეში, გამძაფრებული კონკურენციისა და სულ უფრო მეტად გლობალიზებულ სამყაროში ნებისმიერ კომპანიას წარმატებისთვის აუცილებლად ესაჭიროება განუწყვეტელი ზრუნვა თავის პროდუქტის და ბიზნეს-პროცესების სრულყოფაზე, რაც ყოველთვის დაკავშირებულია ინოვაციასთან. კომპანიის მენეჯმენტს შეუძლია გააკეთოს ორიდან ერთი: თავად შექმნას და დანერგოს ან გადმოიღოს სხვის მიერ შექმნილი ინოვაცია. ჩვენი კვლევის მიზანი სწორედ ინოვაციების გადმოღების პროცესის კომპლექსური აღწერა, სირთულეების ანალიზი აღნიშნულ პროცესში და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებაა,რაც მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი სერვისის გამწევი კომპანიისთვის. რომელსაც სურს ინოვაციების გადმოღება.  დასახული მიზნის მისაღწევად შევისწავლეთ ინოვაციების არსსა და გადმოღებასთან  დაკავშირებული თეორიები, შეხედულებები, ჩავატარეთ პრაქტიკული კვლევა ქართული მომსახურების გამწევ კომპანიებში და გავეცანით არსებულ პრაქტიკას.

საკვანძო სიტყვები:  ინოვაცია; ინოვაციების მართვა; სერვისის ინოვაცია; ინოვაციების გადმოღება.

ინოვაციების შექმნის, დანერგვის ან გადმოღების პროცესის ეფექტიანი მართვა კომპანიის წარმატების აუცილებელი პირობაა. პ.დრუკერის  აზრით,  „ბიზნესს აქვს ორი მთავარი ფუნქცია - ინოვაცია და მარკეტინგი“ [1, გვ. 39]. თუმცა, სანამ მართვის პროცესს აღვწერდეთ, არსებითია განვსაზღვროთ საკუთრივ ინოვაციის არსი, რისთვისაც ქვემოთ მოყვანილია მეცნიერთა ხედვები ინოვაციების ცნებასთან მიმართებით.

ინოვაციაში, ტექნიკურ პროგრესთან ერთად, მოიაზრება ბაზრის საჭიროების ამოცნობა, უკეთესი ხარისხის ან დამატებითი მომსახურების შეთავაზება, პროცესის ეფექტიანი ორგანიზება, დედლაინების შეხვედრა და ხარჯების კონტროლი [2. გვ. 2].  ამდენად, ინოვაციის ცნება ხდება სულ უფრო მეტად ფართოდ გაშლილი ფენომენი და ინსტრუმენტი.  ის წარმოადგენს პასუხს უწყვეტ ტექნიკურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცვლილებებზე. 

რ. კატცის შესაბამისად “ინოვაცია შეიძლება გავიგოთ  როგორც ნებისმიერი ახალი ინსტრუმენტი ან მეთოდი“ [3, გვ. 2].

ინოვაციის განსაზღვრებების ფოკუსიდან გამომდინარე, საკმაოდ საინტერესოა  მისი ანალიზი  პ. აჰმად და ჩ. შეფარდის  ხედვის  შესაბამისად [4]:    

ინოვაციების ასპექტები

როგორც ვხედავთ, ინოვაციის ცნების ერთიანი შეთანხმებული განმარტება არ არსებობს, რაც განპირობებული მისი მრავალმხრივობით, თუმცა მისი ეფექტიანი მართვის არსებით მნიშვნელობაზე დავას პრაქტიკულად არა აქვს ადგილი.

ნებისმიერი ორგანიზაცია ღია სისტემაა, რომელიც განიცდის ზეგავლენას გარემოს მხრიდან და პირიქით, თავადაც ახდენს ზეგავლენას გარემოზე. კონკურენტულ გარემოში, ნებისმიერ ინდუსტრიასა და მათ შორის სერვისის სფეროშიც, მუდმივად  სხვადასხვა კომპანია ქმნის გარკვეულ ინოვაციებს, შესაბამისად ზრდის თავის ეფექტიანობას და აუმჯობესებს ფინანსურ შედეგებს. ამ მოცემულობის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიების მენეჯმენტმა მუდმივად ადევნოს თვალ-ყური გარემოში მიმდინარე პროცესებს და ჰქონდეს ჩამოყალიბებული სისტემა და ხედვა, იმასთან დაკავშირებით – “გადმოიღონ” თუ არა ინოვაციები და დანერგონ თუ არა თავიანთ კომპანიაში.

ჯანმრთელობის კვლევისა და ხარისხის სააგენტოს (Agency for Healthcare Research and Quality) მიერ შემუშავებულია  ინოვაციების გადმოღების პროცესის  სახელმძღვანელო რომელსაც, ჩვენი აზრით, დიდი პრაქტიკული ღირებულება აქვს ინოვაციების გადმოღების პროცესის ეფექტიანი მართვისთვის. მოცემული მეთოდოლოგიის შესაბამისად კომპანიის მენეჯმენტმა ინოვაციების გადმოღებისას პასუხი უნდა გასცეს შემდეგ ოთხ კითხვას [5. გვ. 1] :

1.იქნება თუ არა პროდუქტიული ინოვაცია კომპანიისთვის (რომლის გადმოღებასაც გეგმავს; 

2. ღირს თუ არა ინოვაციის გადმოღება;

3. შეუძლია თუ არა კომპანიას მოცემული ინოვაციის გადმოღება;

4. როგორ უნდა განხორციელდეს ინოვაციის გადმოღების პროცესი;

ინოვაციის გადმოღებასთან დაკავშირებით შეფასება უნდა დაიწყოს იმის გარკვევით, თუ როგორ მუშაობს ინოვაცია (კონკრეტულად კი, ვინ, როგორ, სად და ვისთვის დანერგა ინოვაცია). თანაც იმან, რაც იმუშავა ერთ სიტუაციაში ეფექტიანად, შეიძლება ასევე ეფექტიანად ვერ იმუშაოს სხვა პირობებში. ამიტომ, მნიშნველოვანია განხილულ იქნეს  კონტექსტი და გარემოებები.

მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ შესაძლოა მოცემული ინოვაცია დაეხმაროს კომპანიას წინსვლაში, საჭიროა გაანალიზდეს რა იქნება დანერგვის შემთხვევაში პოტენციური სარგებელი, პოტენციური ხარჯი და შესაძლო რისკები. თუ გამოვლინდა, რომ პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ ხარჯებს და რისკის დონეც მისაღებია, მენეჯმენტმა საჭიროა ჩაატაროს ანალიზი, რამდენად შესწევთ მათ უნარი გადმოიღონ ეს ინოვაცია (აქვთ რესურსები, კომპეტენცია და სხვ.) და დადებითი პასუხის შემთხვევაში, გაიწეროს კონკრეტული გეგმა იმპლემენტაციის პროცესთან დაკავშირებით. გადმოღების პროცესი, დიაგრამის სახით რომ წარმოვადგინოთ, ექნება შემდეგნაირი სახე: (იხ. დიაგრამა):

ინოვაციების გადმოღების პროცესის თანმიმდევრობა

აღსანიშნავია, რომ ინოვაციების გადმოღების პროცესის კვლევა დღეისთვის განსაკუთრებით აქტუალურია ქართული კომპანიებისთვის, მათი რესურსების შეზღუდულობიდან გამომდინარეც, რაც მნიშნველოვანი პრობლემაა.   ასე მაგალითად, ფინანსური მომსახურების ერთ-ერთ სახე, კერძოდ, აუდიტორული მომსახურების ბაზარი რომ განვიხილოთ, სიტუაცია არის შემდეგნაირი: 2016 წელს   დიდი ბრიტანეთის გრანთორთონის ოფისმა გამოიმუშავა 533 785  ათასი ფუნტი, რაც არის ქართული ეკვივალენტით 1 739 მლნ ლარი (წლის ბოლოს ეროვნული ბანკის კურსით), ხოლო საქართველოს ყველა რეგისტრირებული აუდიტორული კომპანიის ჯამური შემოსავალი უტოლდებოდა 93.7 მლნ  ლარს. 

ქართული აუდიტორული კომპანიების შემოსავლების სიმცირე, უცხოურ კომპანიებთან შედარებით, არის ასევე მიზეზი იმისა, რომ ქართულ რეალობაში პრაქტიკულად არ გვხვდება ინოვაციების მართვის ცალკე სტრუქტურული ერთეული, როგორც საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების სათავო თუ რეგიონულ ოფისებშია.

საბოლოო ანგარიშით, ჩვენი აზრით აუცილებელია ინოვაციების გადმოღების პროცესის კვლევის გაღრმავება, რადგან საკითხი არის ერთობ კომპლექსური და გადმოღების მთელი პროცესის განმავლობაში დაკავშირებულია ბევრ სირთულესთან.

ინოვაციის გადმოღება საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესია, არ არის მარტივი იმის განსაზღვრა, კონკრეტულ შემთხვევაში ინოვაცია მოიტანს თუ არა იმ სარგებელს, რაც ნავარაუდებია, სირთულეებს აწყდება კომპანია მისი დანერგვის დროსაც. გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ კომპანიებს ინოვაციების შექმნის მცირე შესაძლებლობები გააჩნიათ, ინოვაციის გადმოღება  ყველაზე ხშირად გამოყენებადი პრაქტიკაა. ამდენად, ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ინოვაცია ყოველთვის გარკვეული სტანდარტული პროცედურის შესაბამისად განხორციელდეს, თავის მხრივ, საჭიროა კვლევის გაგრძელება  სტანდარტიზაციის  პროცესის სრულყოფის მიმართულებითაც.

 ლიტერატურა:

  1. Drucker P. (1954), The Practice of Management,  New York : Harper & Row, 404.
  2. EUROPEAN COMMISSION, 1995, Green Paper of Innovation, 46.
  3. Luecke, R. and Katz, R. (2003), Managing Creativity and Innovation. Harvard Business School Press, Boston, 174.
  4. Ahmed, P. Shepherd C. (2010), Innovation Management: Context, Strategies, Systems and Processes. Prentice Hall, New Jersey, 568.
  5. RTI International, (2008), A Decisionmaker’s Guide to Adopting Innovations, Rockville, 116.